„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა.
გიორგი მოდებაძემ სამართალი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლა. 2009 წელს მან სამართლის ბაკალავრიატი დაამთავრა, 2018 წელს – მაგისტრატურა.
2024 წლის ნოემბრიდან დღემდე ის „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2010 წლიდან 2024 წლის ნოემბრამდე ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა – იკავებდა უფროსი სპეციალისტის, სამდივნოს უფროსის და სასამართლოს მენეჯერის პოზიციებს.
გიორგი მოდებაძემ ირინა იმერლიშვილი ჩაანაცვლა.
იმერლიშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მედიასთან საუბარში ირინა იმერლიშვილმა თანამდებობის დატოვება ახალი სამსახურის შეთავაზების მიღებით ახსნა.
იმერლიშვილის თქმით, კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტმა რექტორის პოზიცია შესთავაზა და ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 11 თვე ჰქონდა დარჩენილი, ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს, რომელიც ოპოზიციური პარტიების, ასევე, ცალკეული ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას შეეხება.
ირინა იმერლიშვილს მონაწილეობა არც რუსული კანონის წინააღმდეგ საქმის განხილვაში მიუღია. 2024 წლის აგვისტოში – მან ფეხის ტკივილი მოიმიზეზა.