მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამთავრობო მედია „იმედთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ შეეხო აქციების გამო დაკავებული მოქალაქეების შეწყალების საკითხს. მისი თქმით, მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ გული შესტკივა [სინდისის პატიმრებზე], მაგრამ შეწყალების თემა ცალკე საკითხია.

„ბელარუსთან შეგვადარეს, რომ იქ გაუშვეს პოლიტპატიმრები, თითქოს აიძულეს ლუკაშენკო და ახლა მეც მაიძულებს ვინმე, რომ მოვიქცე ანალოგიურად და ხომ არ ფიქრობ, რომ ასე მოიქცე? ამას ემსახურებოდა ეს კითხვა და ეს იყო ჩემი პასუხი, რომ მე გული შემტკივა, მაგრამ შეწყალების თემა აბსოლუტურად გასულია, სხვა პრიზმაშია“, – ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა სინდისის პატიმრებთან დაკავშირებულ შეკითხვას „იმედის“ ეთერში.

ინტერვიუს ბოლოს კი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა ზოგადად ისაუბრა ქართულ ციხეებში მყოფ პატიმრებზე და მათ მიმართ თანაგრძნობაზე. მისი თქმით, შეწყალების აქტი რამდენჯერმე უკვე გამოსცა და 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე კიდევ ერთხელ აპირებს შეწყალების აქტის გამოცემას.

„პატიოსანი და უსამართლოდ დაჭერილი ჩვენს პენიტენციურ სისტემაში არ არსებობს, მაგრამ თანაგრძნობა იმ ადამიანების მიმართ როგორ შეიძლება არ გაგაჩნდეს?! მუდმივად განვიხილავთ ამ თემებს, რომ შეძლებისდაგვარად მოხდეს შეწყალების აქტი და ადამიანებს შეეძლოთ დაბრუნება თავიანთ ოჯახებში. ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ ნათლისღებას და ყველას ვუსურვებ, რომ თავიანთ ოჯახებში მალე დაბრუნებულიყოს“, – თქვა ყაველაშვილმა.