მიკროავტობუსების მოძრაობაზე შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობის აკრძალვასთან ერთად, შეზღუდვა დაწესდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ყველგან სადაც მიკროავტობუსი გადაადგილდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შეზღუდვა“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტის შეკითხვას, შეეხებოდა თუ არა ახალი რეგულაცია თბილისის გარდა სხვაგან მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს. 

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში დარჩება ავტობუსები და მეტრო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ ჩანაცვლდება საქალაქთაშორისო მიკროავტუბუსები და სამარშრუტო ტაქსები სხვაგან.  კალაძის თქმით, არ უმსჯელიათ, თუ გამოინახება ალტერნატივა თბილისსა და რუსთავს შორის მიმოსვლისთვის. კალაძის თქმით, ახლა მთავარი რეკომენდაცია მოქალაქეებისთვის არის ის, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან და გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე.

დღეს, თავდაპირველად, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. მისი განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა.

„შესაბამისად დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი და მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ ტრანსპორტის ყოველდღიურად დეზინფიცირება და აქ რისკის მართვა შეგვიძლია“, – თქვა გახარიამ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, შეეხებოდა თუ არა შეზღუდვა ტრანსპორტს თბილისს გარეთ.