„მიკვირს ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე ასეთი უზომო ინტერესი“, – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვაზე მისი ჩაცმულობის შესახებ განხილვას.
„სხვა ყველა შემთხვევაში დროს არ დავკარგავდი და ჩემს სურათზე გაკეთებულ კომენტარებს არც ყურადღებას მივაქცევდი და არც რამე რეაქციას მივცემდი, მაგრამ ჩემ გამო, არ მინდა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ.
Westminster Abbey-ში ძალიან მკაცრად იყო აკრაძლული ფოტოგრაფების შემოშვება. ეს სურათი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, ექსპრომტად, სხვისი გადაღებულია. გიას ჩვეულებრივად უნაკლო სურათები (ფოტოგრაფიულ ხარისხზე ვსაუბრობ და არა ჩემზე?) მოგვიანებით დაიდო.
ისე კი მიკვირს ასეთი ჩემდამი და ჩემს ჩაცმულობაზე უზომო ინტერესი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად 18 სექტემბერს ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრო, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართა, 19 სექტემბერს კი – დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართა.