მილერი: აშშ-ის პოლიტიკაზე გადაწყვეტილებას იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს ჰკითხეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე. კობახიძის აზრით აშშ-ის სანქციებზე გადაწყვეტილება ჯო ბაიდენს არ მიუღია – მისი თქმით, აშშ-ის ოფიციალურ ინსტიტუტებზე გავლენა აქვთ „ოლიგარქიულ ძალებს”.

„ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში არის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და ის იღებს ჩვენს პოლიტიკაზე გადაწყვეტილებებს, არავინ სხვა”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოცხადა ახალი სანქციები, რომლის თანახმადაც, ფინანსური სანქციები დაუწესდა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დამატებით სავიზო შეზღუდვები დაუწესდებოდა 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდს, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს, სამართალდამცავებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ერთი წლის წინ, 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.