მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
„ეს მოქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ამ ურთიერთობის გადახედვა და განვიხილავთ ჩვენს ქმედებებს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე პასუხად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრეს-სპიკერმა.
საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს სწორედ ის, რომ „ეს კანონი აშორებს საქართველოს თავის დემოკრატიულ ტრაქტორიას და შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოახდინოს და „მოგუდოს“ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება”.
ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების შესახებაც დაუსვა შეკითხვა. კალაძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ ამას შეერთებული შტატების მხრიდან სანქციები გამოეწვია.
„ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. მაგრამ, ნათლად მივუთითეთ, რომ არ ვიყოყმანებთ ამის გაკეთებაზე“, – თქვა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს ჰკითხეს იმის შესახებაც, საქართველოს მნიშვნელობის გათვალისწინებით, რატომ არ ახსენა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველო პრაღაში ვიზიტისას. პასუხად, მილერმა თქვა, რომ ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკის შესახებ სულ ახლახან გამოაცხადა.
„სახელმწიფო მდივანმა სულ ახლახან გამოაცხადა საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის სიღრმისეული, მთლიანი გადახედვის შესახებ, რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ასობით მილიონი დოლარი, რომელსაც საქართველოს დახმარების სახით ვაძლევთ. ასევე, გამოვაცხადეთ ახალი სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა, რომლის თაობაზეც სავსებით უნდა ელოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედების ხილვას. ამიტომ, ვფიქრობ მისი [სახელმწიფო მდივნის] დამოკიდებულება, ერთგულება ამ საკითხის მიმართ საკმაოდ ნათელია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.