აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს.
„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძის თქმით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გადმოცემის საკითხი დააყენეს, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება. გატაცებული საქართველოს მოქალაქეა ლევან დოთიაშვილი. ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ლევან დოთიაშვილი დაჭრილი არაა.