მილერი: გვაქვს სხვა სანქციებიც, რომლებსაც უახლოეს კვირებში გამოვაცხადებთ

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს დღეს ჰკითხეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებზე, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ დამატებით სანქციებს ამერიკა უახლოეს კვირებში წარადგენს.

„ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა. ის ნაბიჯები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად – ჩვენ ვამზადებთ დამატებით ზომებს, რომლებიც მომდევნო კვირებში გამოცხადდება. ჩვენ გვაქვს სხვა სანქციებიც, რომელთა გამოცხადებასაც უახლოეს კვირებში ვგეგმავთ”, – განაცხადა მან.

5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება, მათ შორის ის საუბრობდა სანქციებზე.

13 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.