შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რუსულ კანონს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ მმართველი პარტია ვეტოს დაძლევს, ამას ძალიან მკაფიო შედეგები ექნება.
მისი თქმით, აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის ფონზე, როცა ხედავენ მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯებს და კანონს, რომელიც რუსეთში არსებულს ეფუძნება, ეს მათ სერიოზულად აშფოთებთ.
„ამდენად სერიოზულად შეშფოთებული არაა მხოლოდ შეერთებული შტატები. და არა მხოლოდ ევროპული საზოგადოების წევრები, არამედ უპირველესად, ქართველი ხალხი. ამას დაინახავთ, თუ შეხედავთ საქართველოს ქუჩებში ოპოზიციის, პროტესტის ნაკადს….
ეჭვგარეშეა, თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე“, – უთხრა მილერმა „ამერიკის ხმას“ 23 მაისს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების ახალი პოლიტიკა, რომელიც შეეხებათ იმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ იწყებს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ გადახედვას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხედველობაში მიიღებს ხელისუფლების ქმედებებს.