მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა.

„სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა. ერთი რამ შეიმჩნევა – სხვა ქვეყნებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ სიკვდილობა და იქ დაიწყო კლება ახალმა შემთხვევებმაც და სიკვდილობამაც. საქართველო ამ პროცესს ცოტა ჩამორჩება. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ვაქცინაცია სერიოზულად ჩამორჩება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს დღეში 4000-ს ვცრით, არ არის საკმარისი. დღეში, საშუალოდ, 7-8000 უნდა ავცრათ. მოსახლეობის 4-5%-ია აცრილი, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბევრად მეტია. არაფერს ვამბობ ისრაელზე, ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მოსახლეობის 2/3 ორჯერ არის უკვე აცრილი.

ერთი მიზეზი, რომ ქვემოთ სწრაფად იწევს სიკვდილობის მაჩვენებელი, ვიდრე ჩვენთან, არის ის, რომ ჩვენთან ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტი არის 6-ჯერ, 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე უცხოეთის ქვეყნებში და მეორე, მესამე ტალღის პიკი იქ ადრე დაიწყო და მაშინ ჰქონდათ მაღალი სიკვდილობა. ეს იყო თებერვალ-მარტში,” – განაცხადა „დღის კურიერში” თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა.