„მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“ – სამი პოლიტიკური პარტია, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. მათი თქმით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხის სურვილია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამის ნიშნად შეგროვებულ ხელმოწერებს წარუდგენენ დასავლეთში პოლიტიკურ წრეებს.
„ქართული ოცნება“ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ძლიერი საქართველოს იდეის რეალიზებად მითითებულია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრება. არათუ არ ასრულებს რეფორმების 12-პუნქტიან გეგმას, არამედ აინიციირებს რუსულ კანონპროექტს, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო გვეუბნება, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლის საკითხს ეწინააღმდეგება.
ამიტომ ერთადერთი გზა არის, რომ საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე. ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში, ბრიუსელში.
ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის, ჩვენი, ყველას აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობას, საქართველო დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ვერცერთი ხელისუფლება, ვერანაირი პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ვერ გადაგვაფიქრებინებს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამით ეცდებიან მათ ხმა მიაწვდინონ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და გააცნონ ხალხის ნება.
„ყველას საქმე არის ის, რომ წლის ბოლომდე, სანამ იქნება განხილვა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში სტატუსის საკითხის, ჩვენ ჩავიტანოთ იქ საქართველოს მოქალაქეების რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა და ვაჩვენოთ მათ, რა არის რეალურად ამ ქვეყნის მოქალაქეების ნება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.