მიმაჩნია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში.
„ჩვენ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაში არ გამოვიძახებთ საკონსულტაციოდ ჩვენს ელჩს, რადგან ორ ქვეყანს შორის ურთიერთობა უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა. მე მგონია, რომ ეს შეცდომაა ქართული მხარის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციების შემდეგ „ყველა მხარე მიხვდება, რომ ყველა სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა ამ ქვეყანას და იმ მოქალაქეებს ეხება, რომლებიც იქ ცხოვრობენ“. მისივე თქმით, სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. „გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს, რეფორმების ეროვნულ საბჭოს მისცეს იმპულსი და დაეხმაროს ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – ასე ციტირებს ზელენსკის კომენტარს უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი.