სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების“ მწარმოებელი კომპანია (საქართველოს მხრიდან) „საქდოკ ფილმი“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, სადაც ის ფილმს აკრიტიკებს.
„ვთვლით, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიმართულია თავისუფალი გამოხატვის წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კინოს (და სხვა სახელოვნებო დარგების) ცენზურისკენ და წარმოადგენს თავდასხმას რიგით მოქალაქეზე – ფილმის ავტორზე.
განცხადება მოსდევს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას, რისი საშუალებითაც კულტურის სამინისტრო ამკაცრებს კონტროლს ამ ინსტიტუციაზე“, – აცხადებს „საქდოკი“.
„მოთვინიერების“ პრემიერა შედგა 2021 წელს სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი ნომინირებული იყო ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე. „საქდოკის“ ცნობით, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის გარდა ფილმი დაფინანსებულია შვეიცარული და გერმანული საზოგადოებრივი ფონდების, ევრიმაჟის, Arte-სა და სხვა ევროპული ინსტიტუციების მიერ. ფილმი შვეიცარულ-გერმანულ-ქართულ კოპროდუქციაა.
„უბრალოდ, სამარცხვინო ფილმია“ – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კინოცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჰკითხეს. მან თქვა, რომ კინოცენტრის დაფინანსებულია სწორედ სალომე ჯაშის ფილმი, რომელიც „სამარცხვინო და აბსურდულია“.
„ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგი არ არსებობს. ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ, სამარცხვინოა.
ნუ, ეს ფილმი არის, უბრალოდ, სამარცხვინო. სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა – „…აქ საუბარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული და სწორი შინაარსის ფილმი იყოს გადაღებული“.