მიმართვა Massive Attack-ს: გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას

პუბლიკა

ორგანიზაცია „სირცხვილია“ ავრცელებს მიმართვას Massive Attack-ის მიმართ, რომელიც 28 ივლისს სამთავრობო პროგრამა Staring georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში კონცერტს გამართავს.

ქართველი ხალხის სახელით გავრცელებულ მიმართვაში საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტზე: რუსულ კანონზე, ჰომოფობიურ კანონპროექტზე, ოფშორების კანონზე, დემონსტრაციების დროს აქტივისტების მიმართ ძალადობაზე და სხვა.

ამავე მიმართვაში საუბარია ბიძინა ივანიშვილსა და Black sea arena-ზე, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა.

გთავაზობთ მიმართვას:

„თქვენი კონცერტი მუსიკის ნებისმიერი მოყვარულისთვის გამორჩეული მოვლენაა და ქართველი ფანები განსაკუთრებით ელიან თქვენ ჩამოსვლას საქართველოში. ამ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს ის საგანგაშო პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც თქვენს ღონისძიებას ახლავს თან..

ამჟამად ქართული სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, მოწყვლადი სოციალური ჯგუფები, LGBTQ თემი, ქალები, ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობები ხელისუფლების მხრიდან მასობრივი თავდასხმის ქვეშ არიან.

რეპრესიებს სხვადასხვა ფორმა აქვს:

ოლიგარქიული კონტროლი: უკვე 12 წელია, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია. ამ წლების მანძილზე, ოლიგარქმა ეტაპობრივად მიიტაცა სახელმწიფო. ხელისუფლებაზე დიდი გავლენა აქვს რუსეთის ტერორისტულ რეჟიმს. ამ გავლენების მტკიცებულება ფართოდაა გავრცელებული – დაწყებული ევროკავშირის ორგანოებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ სანქციებს ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის, თავად ივანიშვილის წინააღმდეგ, დამთავრებული აშშ-ის მიერ კორუმპირებული მოსამართლეებისა და ყოფილი პროკურორის სანქცირებით, რომელიც FSB-ის აგენტადაა მიჩნეული.

ანტიდემოკრატიული კანონები: ახლახანს ხელისუფლებამ რეპრესიული კანონების გზით, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივი თავდასხმა წამოიწყო:

რუსული კანონი (უცხოეთის აგენტების კანონი) ემუქრება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიას და არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს, რაც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს ხდის. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის დაგმობისა და ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება კანონის მხარდაჭერას განაგრძობს, რაშიც მათი ერთადერთი მოკავშირე რუსეთის ფედერაციაა – კანონს მხარი დაუჭირეს ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც პრორუსი იდეოლოგი დუგინი და რუსი მაღალჩინოსნები, მედვედევი და პესკოვი არიან.

სიძულვილის კანონი (“LGBTQ პროპაგანდის” აკრძალვა) – საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც უმცირესობებისთვის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და მათ სტიგმატიზაციასა და ჩაგვრას იწვევს. ეს კანონი მიზნად მედიის, თეატრის, ლიტერატურის, კინოსა და გამოცემების ცენზურას ისახავს.

„ოფშორების კანონი” – პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილება, რომელიც ივანიშვილს, რუს ოლიგარქებსა და სხვებს საშუალებას აძლევს, საქართველოში შექმნან “საგადასახადო თავშესაფარი” უკანონო თანხების გათეთრებისთვის.

ძალადობრივი რეპრესიები: იმ პირობებში, როცა ქართველი საზოგადოება დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვის, მთავრობა სისასტიკით პასუხობს – დემონსტრაციების დროს პოლიცია და სპეციალური ძალები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.

საკონცერტო დარბაზს, რომელშიც თქვენი კონცერტი უნდა გაიმართოს, Black Sea Arena ჰქვია. შენობა ივანიშვილმა ააშენა და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა. მასზე წვდომა მხოლოდ ხელისუფლებას აქვს. არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს და ამით მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა სცადოს.

ვიცით, რომ ჯგუფი Massive Attack სამართლიანობის, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და უმცირესობათა უფლებების მხარდამჭერია. ამიტომ, გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ ამ საკითხს და თქვენი განსჯის საფუძველზე, საპასუხო ნაბიჯს გადადგამთ. სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ამ ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ სცენიდან თქვენს პოზიციას დააფიქსირებთ.

გვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს პლატფორმას, რათა მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში.

სიყვარულით,
ქართველი ხალხი“, – ნათქვამია მიმართვაში.

ინლისური ტრიპ-ჰოპ კოლექტივის Massive Attack-ის კონცერტი შეკვეთილში, Black sea arena-ზე 28 ივლისს დაანონსდა.

კონცერტი 2-წლიანი სამთავრობო კამპანიის ნაწილია, რომელზეც ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყო. ამ კამპანიის ფარგლებში უკვე იმღერეს ბრუნო მარსმა, Imagine dragons-მა, Killers-მა და სხვა ვარსკვლავებმა. ამ ზაფხულს დაგეგმილია Scorpions-ის, One republic-ის, jungle-ს კონცერტები.