მიმდინარე კვირას CO-თი 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი - ენერგოომბუდსმენი

პუბლიკა

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. მისი თქმით, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ამ კვირაში 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანი.

„CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, – განაცხადა ენერგო ომბუდსმენმა.

ის ამბობს, CO ყველაზე საშიში ნივთიერებაა და სწრაფად იწვევს ლეტალურ შედეგს. მისი თქმით, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, გაჟონვა იყოს, შენობა უნდა განიავდეს და საცხოვრებელი დატოვოს ადამიანმა. ამის შემდეგ კი საავარიო სამსახურში დარეკოს და შეატყობინოს, რომ ადგილზე მივიდნენ.

„ასევე არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს. ვიძახებთ სპეციალისტებს. აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან “, – ამბობს სალომე ვარდიაშვილი.