შსს არ ამბობს, დაკავებულია თუ არა ვინმე მარნეულის #69 უბანზე ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე.
როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 26 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს. ისინი, სავარაუდოდ, სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა.
ირაკლი ჭუმბურიძე, რომელიც მარნეულში არჩევნებს აკვირდებოდა, გაყალბების შემთხვევას იხსენებს. ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ყრიან საარჩევნო ყუთში ბევრ ბიულეტენს ერთად, მისი გადაღებულია.
ჭუმბურიძის თქმით, ვიდეოს გადაღების შემდეგ ის საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გააძევეს:
„ეს ვიდეო ჩემი გადაღებულია. მე ვიყავი დამკვირვებელი #69 უბანზე. მარნეულში მისვლისთანავე დამხვდა მტრულად განწყობილი ხალხი, თავმჯდომარემ ამიკრძალა ფოტოს გადაღება და რეგისტრატურიდან მოშორებით დამაყენეს, საიდანაც ვერავინ ვერაფერს დაინახავდა.
როგორც კი ეჭვი შემეპარა, რომ აქ რაღაც ხდებოდა, რადგან ბევრი კაცი ტრიალებდა შიგნით, დავიწყე სიარული ტელეფონით, მარა არ ვიღებდი. ცოტა ხანში მომესმა დამკვირვებელი ქალის ყვირილი, რას შვრებითო, ამ ყვირილზე მოვტრიალდი და ჩემ წინ დავინახე, რომ ბიულეტენები მუჭით ეჭირა ერთ ბეჯიან ტიპს და ჩავრთე კამერა, კიდევ კარგი ფოტოს ნაცვლად ამ ხუთწამიანი ვიდეოს გადაღება მოვასწარი და ეგრევე ჯიბეში შევინახე, რომ არავის დაენახა, რომ არ წაერთმიათ ტელეფონი.
თუმცა მაინც იეჭვეს, რომ რაღაცის გადაღება მოვახერხე, მალევე მომვარდა ეს ტიპი და ჩემი ცალკე გაყვანა სცადა და მეჯაჯგურა. მაგრამ არ გავყევი და ძალის გამოყენებით 5-მა კაცმა გამათრია გარეთ და გამაგდეს უბნიდან. ამ თრევის კვალი ყელზე ახლაც მაქვს“, – წერს ჭუმბურიძე.
ცესკოს ცნობით, მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარი შემთხვევის გამო, აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი.