დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში CNN-ის ჟურნალისტის კლარისა უორდის მიმი ვრცელდება. ფოტოკოლაჟზე, ორი ფოტოა შეერთებული – ჟურნალისტი ერთ მათგანზე ჩვეულებრივი სამოსით, მეორეზე კი – აბაიათი ჩანს.
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ჟურნალისტი იძულებული გახდა, სხეული მთლიანად დაეფარა.
ფოტოკოლაჟს კლარისა უორდი Twitter-ზე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ მიმი არაზუსტია. მისი განმარტებით, პირველი ფოტო შენობის შიდა სივრცეშია გადაღებული, მეორე კი – თალიბანის მიერ დაკავებული ქაბულის ქუჩაში.
„მე აქამდეც ყოველთვის თავსაბურავით დავდიოდი ქაბულის ქუჩებში, თუმცა არა აბაიათი. ასე რომ, განსხვავება არის, თუმცა არც ისე მკვეთრი“, – წერს ჟურნალისტი.
გუშინ, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. გუშინვე ქვეყანა დატოვეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა. ქალაქიდან უცხოელი დიპლომატები ევაკუირებულები არიან. Al Jazeera-მ გაავრცელა ფოტო-ვიდეომასალა, რომ თალიბებმა აიღეს პრეზიდენტის სასახლე.
ბევრისთვის თალიბანის ავღანეთში დაბრუნება ქალთა უფლებების მასობრივ დარღვევებს მოასწავებს. გუშინ მთელი დღე სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ რაც უფრო უახლოვდებოდნენ თალიბები ქაბულს, მით უფრო მატულობდა ბურკის ფასი.