„მინდა ჩემი სატუსაღოს კარი ბათუმელებმაც გააღონ“ - სააკაშვილმა ბათუმის აქციაზე შეკრებილებს მიმართა

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 23-ე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს, კიდევ ერთ წერილს ავრცელებს და ბათუმში „ენმ“-ის ორგანიზებული აქციის მონაწილეებს მიმართავს.

„ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14-ში. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს. მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს, ნიშნავს რომ, ოცნების ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება.

გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმის ისტორიაში და მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი. ხოლო მათი გამარჯვების მერე, გელით რუსთავში. მინდა რომ ჩემი სატუსაღოს კარები, მათ შორის ბათუმელებმაც გააღონ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველა არჩევნებზე! არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით, ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმში, რეჟიმის პოზიციაში, გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც აქციაზე წაიკითხეს.


ამ წუთებში ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.