საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულმა 20 წლის ლუკა ჯაბუამ საპატიმროდან წერილი გამოგზავნა.
ეს წერილი ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ მხარდამჭერების მიერ გაგზავნილ წერილებზე პასუხად მიიღო.
„პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ყველაფრისთვის: ბრძოლისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.
მინდა გითხრათ, რომ წამით არ ვკარგავ შემართებას. თავი მაღლა მიჭირავს და ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის.
სულ ვამბობდი, რომ თუ სამშობლოს სიყვარულისთვის გარკვეული გადასახადი უნდა დამიწესონ, მზად ვარ, გადავიხადო.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად გარეთ დგას და დგას სიმართლის მხარეს. ასევე იმათ, ვინც უკანონოდ გამოამწყვდიეს საკნებში. ვიცი, არაფრის გეშინიათ. არც მე მეშინია და ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.
ახლა იმაზე ძლიერები და ერთიანები ვართ, ვიდრე ვართ, როგორც არასდროს. მიყვარხართ და მეამაყებით ღირსეული ქვეყნის ღირსეულო შვილებო.
როცა ქართველი ხალხი ერთიანდება, მათ წინააღმდეგ ვერასდროს იზეიმებს უსამართლობა.
ნაცრისფერი ხელისუფლება ცდილობს, ფერადი ბავშვები ნაცრისფრად შეღებოს, მაგრამ ჩვენ ამ უსამართლობის ფერს ყოველდღიურად ფერადად ვანგრევთ.
დედაჩემს სასამართლოზე ვუთხარი, რომ მის შვილს სიმართლისთვის სჯიდნენ და მადლობა დედას, რომ ის ამაყია და მადლობა, რომ სამშობლოს სიყვარული მასწავლა, რაც ყველაფრად ღირს.
ჩვენ ზურგს გვიმაგრებს სიმართლე და წინაპართა, გმირთა შეძახილები და ამ უდიდესი ძალით აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ ფასად. ყოველდღიურად თვალს გადევნებთ და ვიგებთ ამბებს, როგორც შესაძლებელია და ვრწმუნდები, რომ ყოველდღიურად მეტად ვიზრდებით სახელმწიფოებრივად, კულტურულად და ვერთიანდებით, რაც ყველა ქართველის უდიდესი ოცნება და მიზანია. ვერას დაგვაკლებს ოთხი კედელი. ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომლებიც თავისუფლებაში დაიბადნენ, იციან მისი ფასი და ამას არაფრის დიდებით არ დათმობენ.
ვამაყობ, რომ ვარ ამ ყველაფრის ნაწილი.
თეატრალურზეც იმიტომ ჩავაბარე, რომ ვიცი, რომ უსამართლობის წინააღდეგ ყველაზე დიდი იარაღი ხელოვნებით ნათქვამი „სიტყვაა” და მინდა, ჩემი თავი მივუძღვნა ამ ქვეყნისთვის თუნდაც ერთი აგურის დადებას. ამ შემართებით და ამ მუხტით ვარ თქვენთან და თქვენ გვერდით. ეს ყველაფერი მაძლიერებს.
პირადად განცდილი უსამართლობის მერე დავრწმუნდი, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ დუმილი და თვალის დახუჭვა სამშობლოს ღალატის ტოლფასია. მე პირადად შევიგრძენი და გამოვცადე, როგორ ყარს უსამართლობა. ნურაფერზე იდარდებთ, მეგობრებო. სულით, გულით თქვენთან ვარ, კარგად, მხნედ და ამაყად.
მალე შევხვდებით.
„მუხლზე მდგომ სიცოცხლეს ფეხზე დამდგარი სიცოცხლე მირჩევნია”.
მიყვარხართ!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
მეამაყებით!”