მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს დარჩენა პარლამენტში, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას - კალაძე

პუბლიკა

„ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა არჩევნებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საერთაშორისო პარტნიორების მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.

კალაძემ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს დარჩენა პარლამენტში, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში დავიწყებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვებს მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით. მისი თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი.

„როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხება, – განაცხადა კალაძემ.


საერთაშორისო ფასილისტატორების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების II რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, გასულ პარასკევს კი, 20 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირისა და შტატების ელჩებს ინდივიდუალურად შეხვდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკების III რაუნდი.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ II ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.  ფასილიტატორი ელჩები ორივე მხარეს კომპრომისის მოძებნისკენ მოუწოდებენ.