„მინდა, მოგმართოთ თხოვნით, დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში!“ - შატილის გზაზე ავარიისას გადარჩენილი

პუბლიკა

შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მგზავრი, ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მასთან ერთად გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვთ მინიჭებული. მისივე თქმით, დაშავებულებისა და გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა აიყვანეს ადვოკატი და კომპანია traveler.ge-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ.

„მინდა, მოგმართოთ თხოვნით, დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში! უპასუხისმგებლოდ და ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაგეგმილმა ტურმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა ასეულობით მათი ახლობელი. ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული. ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილისა და დაშავებულთა ოჯახებმა და იმედი გვაქვს, რომ დავამტკიცებთ, რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია, და თუ ეს დამტკიცდა, კომპანია თრეველერ.ჯის ბრალეულობას წაუყენებენ.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ზემოთ ხსენებულ კომპანიას არ მოუკითხია არცერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ – არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა, მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით. მუშაობას და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით თითქოს არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!!“, – წერს დევსურაშვილი.

ხატია დევსურაშვილი მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილო არიან აღნიშნული ტურისტული სააგენტოს მომსახურებით, შეუერთდეს მას, რათა კომპანიამ პასუხისმგებლობა იგრძნოს.

„უმორჩილესად გთხოვთ, შემეხმიანეთ ის ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობიდან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ, როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ, ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! შემეხმიანეთ ისინი, ვინც ბოლომდე მხარში დამიდგებით და ჩემთან ერთად იბრძოლებთ სხვების გადასარჩენად, მადლობას გიხდით წინასწარ“, – წერს ის Facebook-ზე.


ავტოავარია შატილის გზაზე 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კატასტროფას მხოლოდ 3 მგზავრი გადაურჩა.

მიკროავტობუსი, რომლითაც მგზავრები გადაადგილდებოდნენ, კომპანია თრეველერ ჯი-ს ეკუთვნის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.