მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, არავის დაეკარგება „სინოფარმით“ მეორე აცრა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ონლაინფორმატში ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა.

იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის გასაკეთებლად ტექნიკური ხარვეზის გამო რეგისტრაცია ვერ გაიარეს, გამყრელიძე პასუხობს, რომ ცენტრის IT სამსახური ინტენსიურად მუშაობს და თუკი მაინც დარჩა გარკვეული ხარვეზები დღის განმავლობაში აუცილებლად გასწორდება. 

„დილით გადავამოწმე და მითხრეს, რომ აღმოფხვრილია ყველა ეს პრობლემა, თუ არის კიდევ ჩვენი IT სამსახური ძალიან ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხებთან მიმართებაში.

პირველი, მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არავის არ დაეკარგება მეორე აცრა „სინოფარმით“, რომელიც უნდა ჩატარდეს, მათ დაეჯავშნებათ და ჩაუტარდებათ.

მეორე, ის ადამიანები, ვისაც „ასტრაზენეკაზე“ 45 წლის ზემოთ უნდათ დარეგისტრირება, მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ ხარვეზი არის, დღის განმავლობაში ეს აუცილებლად გასწორდება და შესაბამისად, ყველას მიეცემა საშუალება  დარეგისტრირების და შემდეგ აცრის ჩატარების.

ამიტომ გთხოვთ, ხდება, სამწუხაროდ, ასე, ტექნიკასთან გვაქვს საქმე, რომ გარკვეული ხარვეზი გაჩნდა, რომლის მიზეზებსაც ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ, რამ გააჩინა ეს ხარვეზი. ეს პორტალი უკვე მუშაობს რამდენიმე თვეა და ასეთი ტიპის ხარვეზი არ ყოფილა და ამიტომ ეს შესასწავლია მრავალმხრივ და მას  ჩვენი IT სამსახური სწავლობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, „სინოფარმის“ პირველი დოზით აცრილია 17 492 ადამიანი, 26 577 მოქალაქეს კი დაჯავშნილი აქვს აცრა. ქვეყანაში სულ  „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი, რომელიც 50 ათასი მოქალაქის აცრისთვისაა საკმარისი.