„ვარკეთილის“ მეტროს დიზაინის შერჩევა ვერანაირად ვერ მოხდა" - კალაძე სპეციალისტებს დახმარებას სთხოვს

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე დარგის სპეციალისტებს მოუწოდებს,  მონაწილეობა მიიღონ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის პროექტის შექმნაში. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის რამდენიმე ვარიანტი მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. კახა კალაძის განცხადებას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ასევე, ვაგონების შესყიდვა. ეს პროცესი მიდის და ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები. ასევე, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგან თვითონ ვესტიბიული, ბაქანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას.

ერთ-ერთი ასეთია მეტროსადგური „ვარკეთილი“, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ ხნის განმავლობაში, დიზაინის შერჩევა ვერანაირად ვერ მოხერხდა. გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო მეტროსადგური „ვარკეთილი“, მაგრამ დავიწუნეთ, რადგან არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო დიზაინერებს, დარგის სპეციალისტებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს და დაგვეხმაროს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურის დიზაინის პროექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.