პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც პატივისცემას გამოხატავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის და ქართველი მოსამართლეების მიმართ.
პაპუაშვილი წერს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „შეწყდეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.“
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა FB პოსტში დაწერა.
„მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. „ვეტინგის” საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.
კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.
საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა“,- წერს პაპუაშვილი.
22 მაერტს ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული პირებისა და კანდიდატებისთვის: იუსტიციის საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები.
უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ განაცხადა, რომ თუ ვეტინგის სისტემა დაინერგება, ის წავა სისტემიდან, რადგან არ სურს, დაექვემდებაროს ვინმეს შემოწმებას.