მინდა, პირადად დავიცვა ომბუდსმენი, არ შეიძლება იყოს საუბარი რაღაც „ომის პარტიაზე“ - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ქართულ მედიასთან დღეს სხვადასხვა საკითხზე კომენტარი გააკეთა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მედლინ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„მგონია, რომ არ შეიძლება, იყოს ლაპარაკი რაღაც „ომის პარტიაზე“ საქართველოში. ჩემთვის ეს არ არსებობს. არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში და მინდა, პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. პირველ რიგში, როცა ჩვენ ვამზადებთ იმ კითხვარზე პასუხებს, რომელიც არის ევროკავშირის კითხვარი და არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს”, -განაცხადა მან.

მისივე თქმით, ასევე არ შეიძლება, მეორე მხრივ, რომ ვიღაცები საუბრობდნენ იმაზე, თითქოს საქართველოში სანქციების გვერდის ავლით, რაღაც ფორმით, მიდის არასანქცირებული ვაჭრობა.

„ამ საკითხზეც აქ არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი არავის როლი არ არის, რომ შევქმნათ ეჭვები გარეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. რამეთუ, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


28 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა იმ პირს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება უნდა, ომის გაჩაღება სურს საქართველოში.

„სახალხო დამცველიც იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ჰქვია ომის პარტია და ბუნებრივია, ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი”, – თქვა მან.