„ჩვენ იქ მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ ვდგავართ, თქვენთვის ვდგავართ, თქვენი შვილებისთვის და ჩემი 45-კილოგრამიანი ქალიშვილი ახლა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებს და ტანკებს ესვრის“, – ასე მიმართა პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში უკრაინის ელჩის ცოლმა, ოლექსანდრა ლაშკომ და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„გამარჯობა, საქართველო, ძვირფასო დებო და ძმებო, მოვედი, რათა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ქედი მოვიხარო თითოეული თქვენგანის წინაშე. საკონსულოსთან დიდი რიგებია მსურველების, რომ უკრაინელებთან ერთად იბრძოლონ და მათ წინაშეც ქედს ვიხრი.
ჩემი შვილი ახლა არის ბომბების ქვეშ და არ ვიცი, როგორ გამოვხატო ზიზღი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც აპირებს, რომ დაიპყროს ჩემი ქვეყანა. ვისაც არ სჯერა, რომ გვხოცავენ, შემიძლია, ვაჩვენო ბავშვების ფოტოები, რომლებიც უბრალოდ ჩაცხრილეს. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. არ ვარ პოლიტიკოსი, მე მხატვარი ვარ, შეიძლება მჭევრმეტყველი არ ვარ, მაგრამ ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ქვეყნისთვის მაგათ შუაზე გავგლეჯ.
ძალიან მინდა, რუს დედებს მივმართო – ნუ გამოუშვებთ თქვენს შვილებს, თქვენ არ გესმით, ეს რა არის. უკანასკნელ წუთამდე ფეხზე ვიდგებით. ვიცი, რომ 800 ათასი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და წარმომიდგენია, როგორ რცხვენიათ მათ. დიდი მადლობა, რომ აქ დგახართ, თუმცა ჩვენ იქ მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ ვდგავართ, თქვენთვის ვდგავართ, თქვენი შვილებისთვის. და ჩემი 45-კილოგრამიანი ქალიშვილი ახლა „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებს და ტანკებს ესვრის. მოდით, ერთად ვიღონოთ რამე, ოღონდაც ეს საშინელი ომი შევაჩეროთ. არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა თქვენ, მსოფლიოს, მხარდაჭერისთვის, მაგრამ ქართველი ხალხი ეს ძალაა. თუ ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით, ერთად დიდი ძალა ვართ“, – განცხადა მან სიტყვით გამოსვლისას.