მინდა, სემეკს მივმართო, დაიბაროს GWP, დაგვენახონ, ვინ არიან ჩვენი მწამებლები - ელისაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების დრო დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომპანია GWP-ის საქმიანობაზე საუბარს დაუთმო და სემეკს მისი ხელმძღვანელების დაბარებისკენ მოუწოდა.

ელისაშვილის თქმით, GWP თბილისის მოსახლეობის აბუჩად აგდებითაა დაკავებული, ანგარიშვალდებულება და პატივისცემა კი არ აქვს.

„ეს არის კომპანია, რომელსაც ევალება თბილისის წყლით მომარაგება და სინამდვილეში თბილისის მოსახლეობის აბუჩად აგდებითაა დაკავებული. ყველამ ვიცით, ყველა ვგრძნობთ, ერთი დღე, ორი დღე, დღე-ნახევარი, ნახევარი დღე, შეტყობინებით, შეტყობინების გარეშე, ისე თიშავენ ამ წყალს, ვითომ მართლა დევი აჯდეს და დასცინოდეს დაპყრობილი ქალაქის მოსახლეობას. დაახლოებით ასეა ეს ამბავი. რამდენჯერ გადაიყიდა ეს კომპანია და ბოლოს ვინღა იყიდა, არ ვიცი, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება და პატივისცემა ქალაქის მოსახლეობის საერთოდ არ ჩანს ამ კომპანიისგან.

მე არც გამიგია მერისგან რამე ეთქვას, მობოდიშების მაგვარი… თბილისის საკრებულოს, რომელსაც უფლებამოსილება აქვს, მე რასაც ვუყურებ, ახალი შემადგენლობა ყველაფერზე ლაპარაკობს თბილისის პრობლემების გარდა. იქაც არ იბარებენ.

არადა, ყველას გვიგდებს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ძალაუფლებით ერთობიან, წყალს დაგვიწყვეტენ, გაგვაბრაზებენ და გაგვამწარებენ, ამით უბრალოდ ერთობიან, მე მგონი, ამ კომპანიაში.

ეს კომპანია არის ერთადერთი ლიცენზიანტი. რაც ჩავხედე კანონში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანია რომ არის და უზარმაზარი ხელფასები აქვთ, რას აკეთებენ, ღმერთმა უწყის, მათ წინაშეა ანგარიშვალდებული,

მე მინდა, ამ კომპანიას მივმართო, დაიბარონ, დაგვენახონ მაინც, ვინ არის ჩვენი მწამებლები, რა გეგმა აქვთ ერთი წლის განმავლობაში, 5 წლის განმავლობაში, აქვთ თუ არა ნატამალი ანგარიშვალდებულების და პატივისცემის ქალაქის მოსახლეობის.

ხომ არ შეიძლება, ყოველ წამს ველოდეთ მესიჯს ან უმესიჯოდ სახლში მივდიოდეთ და უცბად წყალი არ იყოს.. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ და გვყავს კომპანია, რომელიც უბრალოდ გვაწვალებს და შეურაცხყოფას გვაყენებს… აქ რა, პარლამენტში არ დარბოდნენ ვედროებით ცოტა ხნის წინ, პარლამენტის აპარატმა არ დაგვირეკა ცოტა ხნის წინ და დავიშალეთ, რამდენიმე დღე წყალი არ გვექნებაო… პარლამენტი ვართ, თითქოს რაღაც განყენებულ თემებზე ვლაპარაკობთ და ვედროებით დავრბოდით ყველანი აქეთ-იქით. ვინ არის ეს ხალხი, დაგვენახონ, თუ არსებობენ მაინც ეს გავიგოთ და რა ხედვა აქვთ, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ქალაქისადმი. როგორ შეიძლება ციხე-სიმაგრეში გამაგრებული ხალხი, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს მთელი ქალაქის მოსახლეობას.

მარეგულირებელმა კომისიამ მაინც დაიბაროს და წინასწარ გვითხრას ამ კომისიამ, რომ იბარებენ ამ ჩვენს მწვალებლებს და აუცილებლად მივალ და კითხვებს დავუსვამ. თვალებში ჩავხედავ ერთი, როგორ შეიძლება, ასე იქცეოდეს რომელიმე თავმოყვარე და რამეზე პრეტენზიის მქონე კომპანია“, – განაცხადა ელისაშვილმა.