„მინდა, თქვენ განმარტოთ, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები“ – არველაძე მინისტრს

პუბლიკა

„მინდა, თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები“, – ამ შეკითხვით მიმართა დეპუტატმა, რევაზ არველაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკატაძეს, რომელსაც მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში უსმენენ.

გუშინ არველაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, კრიტიკა მოჰყვა.

„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ… საქმე ის არის, რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. საქართველოში მთავარი პრობლემა არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ისე სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხებისა და ა.შ. თუმცა სულ სხვა ამბავი არის, ჩემი აზრით, შიმშილი. მე შემდეგ განცხადებაც გავაკეთე, რომ ამისათვის გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი. ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები. არსებობს სხვა პროგრამები, თუმცა შეიძლება, მე მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, – მიმართა არველაძემ ჯანდაცვის მინისტრს.

საქართველოს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. შეკითხვა, ბავშვთა სიღარიბის შესახებ უმრავლესობის წევრს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა.

კითხვა კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას და იმ მიზეზს ეხებოდა, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ოფიციალურად დასახელდა.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა გააკეთა მთავრობამ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით,  არველაძემ უპასუხა: „ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ ამას. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“, – უპასუხა ჟურნალისტს რევაზ არველაძემ.

UNICEF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია:

  • 2009 – 11.5%
  • 2011 – 9.4 %
  • 2013 – 6 %
  • 2015 – 2.5 %
  • 2017 – 6.8 %