მინდა, ყველა დავამშვიდო, „ვიზეარი“ არსად არ გადის - ნათია თურნავა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“ არსად არ გადის, „აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული“.

თურნავა ამბობს, რომ კომპანია საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს და გასვლის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანიაც უარყოფს.

„მინდა, ყველა დავამშვიდო ამ საკითხთან დაკავშირებით. „ვიზეარი“ არსად არ გადის, „ვიზეარი“ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოში. 2012 წელს შემოვიდა ჩვენთან და ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ გაფართოებულიყო „ვიზეარის“ არეალი. კოვიდამდე 30-მდე ფრენას ასრულებდა და დაანონსებული ჰქონდა კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება. „ვიზეართან“ ახლახანს მქონდა საუბარი და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს ამას საჯაროდ. „ვიზეარი“ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, რჩება თავისი მომხმარებლების ერთგული, ჩვენი მოქალქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით, ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და გვიბრუნდებოდა ისევ საქართველოში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას [ბაზის დახურვასთან დაკავშირებით], პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არასწორი ინტერპრეტაცია არის. მთავარია, რომ „ვიზეარი“ რჩება საქართველოს ბაზარზე და ჩვენთან შეთანხმებით ეს ფრენები განხორციელდება, თუმცა აქ არის წმინდად ტექნიკური საკითხი, სადგომზე სად ეყენაბ ხომალდი – ქუთაისში თუ ბუდაპეშტში, მაგალითად. დღევანდელ დღეს, როცა ავიაციას გაუჭირდა, ყველა ავიაკომპანია მეტნაკლებად იღებს გადაწყვეტილებას, რომ ხარჯები იყოს მინიმიზირებული და აკეთებს გარკვეულ ტექნიკურ გადაწყობას”, – განაცხადა თურნავამ.

მედიაში გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტში განთავსებულ ბაზა, შესაძლოა, დროებით გააუქმოს. ამ თემის შესახებ, ჯერჯერობით, განცხადებას არ აკეთებენ „ვიზეარის“ ქართულ წარმომადგენლობაში, აეროპორტების გაერთიანებიდან კი მედიას განუცხადეს, რომ საავიაციო კომპანიისგან ბაზის გაუქმების შესახებ ოფიციალური წერილი არ მიუღიათ.