მინესოტას შტატში, ქალაქ მინეაპოლისში პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მეორე დღეა გრძელდება. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქის დაკავებისას პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემდეგ, უიარაღო მოქალაქე დაიღუპა. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.
BBC-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მომიტინგეებმა ქვების სროლა დაიწყეს. „ვაშინგტონ პოსტი“ სახანძრო სამსახურის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 30 შენობა გაანადგურეს.
BBC წერს, რომ მომიტინგეები დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელის დასჯას ითხოვენ. ისინი, ასევე, მოუწოდებენ სამართალდამცავებს, შეწყვიტონ აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობა.
ასეთივე მოთხოვნა აქვს გარდაცვლილის დას, ბრიჯიტ ფლოიდს. მისი განცხადებით, უნდა, რომ დაკავებაში ჩართულ ოთხივე პოლიციელს მკვლელობის ბრალდებით წარედგინოს ბრალი.
მინეაპოლისის მერი, ჯეკობ ფრაი, პოლიციელის მიმართ საქმის აღძვრას მოითხოვს. 28 მაისის პრესკომფერენციაზე მერმა შტატის გენერალურ პროკურორს მოუწოდა, „ბრალი წაუყენონ პოლიციელს ამ საქმეში“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ბრალის უნდა წაუყენოს მას.