მინიმალური ხელფასი განისაზღვროს საწყის ეტაპზე საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით - პროფკავშირების გაერთიანება

პუბლიკა

პროფესიული კავშირების გაერთიანება უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს, რათა მინიმალური ხელფასი, საწყის ეტაპზე, საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით განისაზღვროს. ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა ისაუბრა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია 20-ლარიანი მინიმალური ხელფასით მოხდეს, რაც ახლა კანონით არის გათვალისწინებული.

„20-ლარიანი მინიმალური ხელფასი ვერ აკმაყოფილებს იმ გამოწვევებს, რომელიც ადამიანებს გააჩნიათ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ამ კუთხით მივმართოთ. ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ მინიმალური ხელფასი განისაზღვროს საწყის ეტაპზე საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით.

თქვენ იცით, რომ საშუალო ხელფასი გამოითვლება ყოველ თვეში და შესაბამისად, დღევანდელი მონაცემით ეს არის 636 ლარი. თუ გვაინტერესებს, როგორია ევროპული პრაქტიკა ამ მიმართულებით, ევროკავშირის სტანდარტით საშუალო ხელფასის 50-60%-ია.

საქართველოში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ხელზე ასაღებ თანხას 80 ლარს და ნაკლებს იღებს. ჩვენ საქართველოში გვყავს 135 ათასი მოქალაქე, რომელიც იღებს უფრო ნაკლებ ხელფასს, ვიდრე თვეში არის 400 ლარი. შესაბამისად, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივით ვიმედოვნებთ, რომ დაიფარება დასაქმებულთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორია და ეს ყველაზე კარგი საშუალება იქნება სახელფასო სხვაობის შემცირების, ასევე გენდერული ნიშნით.

როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე, წარმოუდგენელია ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს 20 ლარიანი მინიმალური ხელფასით. მთავარი ღირებულება ევროკავშირის არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირება”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

პროფკავშირების ცნობით, მინიმალური ხელფასის სტანდარტით, საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზე, მთელ მსოფლიოში კი – ბოლოდან მეოთხე ადგილზეა.

საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია. ეს მონაცემი 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.