„დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი“ – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა.
პროფკავშირი მიიჩნევს, რომ ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით უნდა იყოს რაც, მათი თქმით, დღეის მდგომარეობით 636 ლარს შეადგენს.
პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი 190 000 ადამიანზე მეტს აქვს, რაც, მათი თქმით, ნიშნავს, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ ამ ოდენობის ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა.
„მესამე მცდელობაა უკვე, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარი დაწესდეს. 1999 წლის შემდეგ, როცა დაწესდა ეს რიცხვი – 20 ლარი, იმის მერე არ შეცვლილა. ის აბსოლუტურად ვერ ასახავს იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ და რეალურად ჩვენი ინიციატივა ეხება 192 000 მოქალაქეს, რომელიც სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, გამომდინარე იმ შემოსავლებიდან და მინიმალური ხელფასიდან, რაც საქართველოში დღეს არის.
636 ლარი არ გახლავთ ციდან აღებული რიცხვი, ეს არის საშუალო ხელფასის 40%. 192 000 ადამიანიდან სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმის [253 ლარი] ტოლფასი ანაზღაურება – 49 000 ადამიანს აქვს.
გადაჭედილია დღის წესრიგი მაღალ მატერიებზე და პოლიტიკურ თემებზე საუბრით და საქართველოს მოქალაქეების საჭიროება, რომელიც გამოხატულია ყველა კვლევაში, არის დასაქმება, სიღარიბე, ხელფასები და ასე შემდეგ.
მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეადგინონ ის დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე იქნება დაფუძნებული და მათ შორის არის ჩვენს მიერ შეტანილი ინიციატივა, რომელსაც სჭირდება მყისიერი განხილვა“, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები ამბობენ, რომ სირცხვილია, როდესაც საქართველოში მინიმალურ ხელფასად 20 ლარია განსაზღვრული.
„მთავარი მიზეზი აქ ყოფნის ისაა, რომ 190 000 ადამიანს, რომელსაც 636 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი, გაეზარდოთ ანაზღაურება და შეძლონ ნორმალურად ცხოვრება.
სირცხვილია საქართველოში მინიმალურ ხელფასად 20 ლარი იყოს განსაზღვრული. აუცილებლად უნდა გაიზარდოს ანაზღაურება და უნდა დაიგეგმოს აქტივობები ამის შესახებ, რომ პროფკავშირებმა მივაწვდინოთ ხმა საკანონმდებლო ორგანოში მსხდომ ადამიანებს, რომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და დაწესდეს ღირსეული მინიმალური ხელფასი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ტყემალაძე.
საქართველოში კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია, რომელიც 1999 წელს დამტკიცდა და მას მერე არ შეცვლილა.
აღნიშნული ოდენობა მისი მიზერულობიდან გამომდინარე, შაბლონურ ჩანაწერად ითვლება და შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, პროფკავშირების მიერ მუდმივი კრიტიკის საგანია.
პროფკავშირები ამბობს, რომ მინიმალური ხელფასი საქსტატის მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12.6-ჯერ, ხოლო საშუალო ხელფასზე 80-ჯერ ნაკლებია.
ასევე, პროფკავშირები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 100 ლარზე დაბალი ხელფასი საქართველოში 12 500 ადამიანს აქვს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ანაზღაურების სახით, თვეში საშუალოდ 55 ლარს იღებენ. ამავე მონაცემებით, 500 ლარამდე ხელფასი აქვს – 131 841 ადამიანს, ასევე 190 000-ზე მეტ ადამიანს თვეში 636 ლარზე ნაკლები ანაზღაურება აქვს.