მინიმალური ხელფასის რეგულირების საკითხზე პარლამენტი 2 ინიციატივას განიხილავს

პუბლიკა

მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით, პარლამენტში მომავალ კვირაში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდება. პროექტზე დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად მუშაობდნენ „სოლიდარობის ქსელი“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი – „ერთობა 2013“, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება და საზმაუს პროფკავშირი.

ბექა ნაცვლიშვილის გარდა, კანონპროექტის ინიციატორები სხვა დეპუტატებიც იქნებიან. მათი სრული სია მომავალ კვირაში დაზუსტდება.

პროექტის მიხედვით, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა ანაზღაურების მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 492 ლარზე ნაკლები (საქსტატის მიერ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დადგენილი საშუალო ხელფასის 45%-ზე ნაკლები). პროექტში ასევე განსაზღვრულია არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურებაც, რომელიც გამოითვლება შესაბამისი თანაფარდობით ყოველთვიურ მინიმალურ ხელფასთან.

აღნიშნული კანონპროექტი ეხება, ასევე, იმ დასაქმებულებს, რომელთაც ეკრძალებათ ერთდროულად ორ დამსაქმებელთან მუშაობა.

„საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პროფესიების ან/და დასაქმებულების მინიმალური ანაზღაურება, რომელთაც ეკრძალებათ ერთდროულად ორ დამსაქმებელთან დასაქმება, იმ საფუძვლით, რომ მათი სამუშაო დრო არ შეიძლება აღემატებოდეს კვირაში 48 საათს, საქართველოს მთავრობის მიერ უნდა განისაზღვროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დადგენილ საქართველოში დასაქმებულთა ყოველთვიურ საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ისა“, – წერია კანონპროექტში.

პროექტში გათვალისწინებულია ისიც, რომ დამსაქმებლები კანონის დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე 2000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 4000 ლარით დაჯარიმდებიან.

გარდა ამ ინიციატივისა,  30 ოქტომბერს საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში გაერთიანებულმა პროფკავშირმაც დაარეგისტრირა. პროფკავშირის ინიციატივის მიხედვით, მინიმალური ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის განისაზღვრება თვეში 320 ლარის ოდენობით, ხოლო არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის – საათში 2 ლარის ოდენობით (320 ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას საქართველოში 126 665 ადამიანი იღებს).

პროფკავშირის ინიციატივის მიხედვით, მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი კანონის მიღებიდან ყოველი მომდევნო 1 წლის განმავლობაში უნდა განიხილოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ, ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

მოქმედი შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ განსაზღვრავს. ამ საკითხს ფორმალურად არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება, რომლის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარია.