„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, ოპოზიციონერ დეპუტატებს მომდევნო 10-14 დღე მანდატები არ გაუუქმდებად, შესაბამისად, ოპოზიციასთან მოლაპარაკებასაც მანდატების გაუქმებამდე ექნება აზრი – ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა.
„არის გარკვეული დრო დარჩენილი, დაახლოებით, ზოგიერთ შემთხვევაში 10 დღე, ზოგიერთ შემთხვევაში 2 კვირა. ამ დროის გამოყენებაც შეიძლება პროდუქტიულად, ანუ ვიდრე არ არის კონკრეტული პარტიებისთვის გაუქმებული მანდატები, მანამდე, რა თქმა უნდა, შეიძლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. დღეიდან 2 კვირის თავზე შესაბამის პარტიებთან საუბარს აზრი არ ექნება. თუ მაინც არ შემოდიან და ვერ შემოდიან პარლამენტში, მაშინ რა აზრი აქვს რაიმეზე საუბარს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „მინიმუმ 10 დღანი, 2-კვირიანი სივრცე გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ შედგეს მოლაპარაკებები და თუ არის რესურსი შეთანხმების, მივაღწიოთ შეთანხმებას“.
„ნაციონალური მოძრაობის“ და „რესპუბლიკელების“ შემდეგ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატზე უარის თქმის განცხადებით საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ სხვა წევრებმაც მიმართეს.
პარლამენტის კანცელარიაში განცხადებები „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ და წევრებმა: ნატო ჩხეიძემ, ნიკა მაჭუტაძემ და როსტომ ჩხეიძემ დატოვეს.
საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის განცხადებები დაარეგისტრირეს „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმაც.
მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტს გასულ კვირას მიმართა შალვა ნათელაშვილმა. ცნობილია, რომ „პატრიოტთა ალიანსიც“ აპირებს ამ პროცედურის გავლას და ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებას საკმარისი დეპუტატების რაოდენობა არ იქნება, მაშინ პარლამენტში არც „გირჩი“ შევა. მისი თქმით, სიის ჩახსნისთვის და მანდატების გაუქმებისთვის პარტია საჭირო პროცედურებს გაივლის.
მოლაპარაკების პროცესის დასრულებას ელოდებიან ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ისინი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა ცესკოსთვის და საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ განცხადებით არ მიუმართავთ.