„მინისო", „თოლია", „ფერო", „ანაგი" | „ოცნების" შემწირველთა განახლებული სია

პუბლიკა

პარტია „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით ერთ თვეში 2 541 000 ლარი შესწირეს. 18 დეკემბრიდან დღემდე მმართველ პარტიას თანხა 61-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკურ პირს წლის განმავლობაში, მაქსიმუმ, 60 000 ლარის შეწირვა შეუძლია პარტიისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით ცვლილება შევიდა კანონში და იურიდიულ პირებს შეწირულობის გაღება აეკრძალათ. მანამდე მოქმედი რეგულაციით, იურიდიული პირისაგან მიღებული შეწირულობების საერთო რაოდენობა წელიწადში, მაქსიმუმ, 120 000 ლარი უნდა ყოფილიყო.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილებების ინიციატივა „ოცნებამ“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან აიღო.

„ვენეციის კომისიამ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია გასცა იურიდიული პირების მიერ შეწირულობების აკრძალვის თაობაზე.

…შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ. ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას და შესაბამისად, ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

„პუბლიკა“ გთავაზობთ შემწირველთა ნაწილის შესახებ ინფორმაციას, რომელთა კომპანიებიც შესაძლოა, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყოს.

ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში ნახავთ არაერთ შემთხვევას, როდესაც პარტიის შემწირველები ერთი და იმავე კომპანიის მეწილეებიც არიან.

შემწირველთა შორის არიან:

„ანაგი“ & „მინისო ჯორჯია“

ირაკლი გოგოლიშვილი –60 000 ლარი. ის არის სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორი,  შპს „ანაგი-მექანიზაციისა“ და შპს „კაჭრეთი დეველოპმენტის“ მეწილე. ასევე ფლობს „მინისო ჯორჯიას“ წილის 8%-ს.

გოგოლიშვილის პარტნიორმა შპს „ანაგი-მექანიზაციაში“, დავით შალიკაძემ „ქართულ ოცნებას“ ასევე 60 000 ლარი შესწირა. შალიკაძე ასევე ფლობს წილს „მინისო ჯორჯიაში“.

გიორგი ჩიტაშვილი – 60 000 ლარი. ისიც ფლობს წილს „მინისო ჯორჯიაში“. ის ირაკლი გოგოლიშვილის პარტნიორია როგორც „მინისოში”, ასევე „სახალხო აფთიაქის განვითარების ფონდსა“ და „ქართული ხილის ფონდში“.

დავით ანდღულაძე – 60 000 ლარი. ის შპს „ანაგი ქონსთრაქშენის“, „ანაგი არტ ჰაუს“,„ანაგი ჰოტელ დეველოპმენტისა“ და „ლისი დეველოპმენტ პლუსის“ დირექტორია. ის ასევე ფლობს წილს „მინისო ჯორჯიაში”.

გიორგი მიხანაშვილი – 60 000 ლარი – კომპანია „ანაგი ინფრა კონსტრაკშენის“ დირექტორი.

კომპანია „სარაჯიშვილი“

ზურაბ ბუბუტეიშვილი – 60 000 ლარი. ის სს „სარაჯიშვილისა“ და „სარაჯიშვილი ვაინერი ენდ დისთილერის“ დირექტორია. ასევე არის სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილის მეწილე.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 1994 წელს ბრენდის მესაკუთრე ბუბუტეიშვილების ოჯახი გახდა.

„თოლია“

გიორგი ჭყონია – 60 000 ლარი, ის არის „ქართუ-უნივერსალის“ დირექტორი და მეწილე. ინტერნეტში აღნიშნული კომპანია ნაყინის ბრენდის, „თოლიას“ სახელით იძებნება. მასთან ერთად მეწილეებს შორის არის გოგი თოფაძეც.

ასევე 60 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას მისმა პარტნიორმა ლევან კავლელიშვილმაც. კავლელიშვილი და ჭყონია პარტნიორები არიან შპს „ქართუ-უნივერსალსა“ და შპს „ინგრუპში“.

მათმა კიდევ ერთმა ბიზნესპარტნიორმა [მაგ. „ქართუ-უნივერსალი“, „ყაზბეგი ტობაკო“] გიორგი თოფაძემაც 60 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.

ამავე კომპანიებში კიდევ ერთმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი თოფაძემაც, ანალოგიურად, 60 000 ლარი გაიღო. ის ასევე „გოგი თოფაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის” დირექტორია.

მოქმედ დეპუტატებთან აფილირებული კომპანიები

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ხახუბიას პარტნიორებმა (კახაბერ ლატარია, რამაზ გუჯაბიძე) კომპანიაში „ეგრისი +” „ოცნებას“ 60 000 და 35 000 ლარი შესწირეს.

კიდევ ერთი მაჟორიტარის, ზაალ დუგლაძის ბიზნესპარტნიორი კომპანიაში „აისი ინკ“ – დავით დუგლაძემ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ზაალ დუგლაძეს თავისი წილის მმართველად სწორედ დავით დუგლაძე ჰყავს გაფორმებული, ვინაიდან ის პარლამენტის წევრია და სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება. აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიაში კიდევ ერთ მეწილეს – ალექსანდრე ივანიშვილს ნოემბერში ასევე 60 000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“.

სხვა შემწირველები

შემწირველთა შორის ასევე არის გოჩა ქურდაძე (30 000 ლარი),  სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორია.

შპს „იბეროილის“ ოთხივე მეწილემ – გოჩა ჩოკოშვილმა, სიმონი გეგელაშვილმა და ირაკლი პეტრიაშვილმა და დავით ალიბეგაშვილმა „ოცნებას” ჯამში 190 000 ლარი შესწირა. პლუს, 10 000 ლარი ამავე კომპანიის დირექტორმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა.

კომპანია „ლტდ და კომპანია 2023-ის“ სამივე ბიზნესპარტნიორმა – თეიმურაზ ქიმერიძემ, ლევან გაჩეჩილაძემ და დავით მაღრაძემ – 8 000, 15 000 და 40 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.

დავით წიწილაშვილი – მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ის 2016 წლიდან „ოცნების“ ერთგული შემწირველია. ჯამში მას 240 000 ლარი აქვს შეწირული წლების განმავლობაში.

დავით ბალანჩივაძე – 60 000 ლარი, „ვილა აბასთუმნის” დირექტორი და მეწილე.

შპს „გოოლის“ მეწილეებმა კობა დევაძემ და გოჩა აფაქიძემ 60 000-60 000 ლარი შესწირეს.

ლაშა ბალაძე – 60 000 ლარი.  შპს „გუმბათი ჯგუფი“, შპს ძველი ბათუმი, „ჰოუმარტი“ (90%);

ზვიად მუკუტაძე – 60 000 ლარი. ის „ბალავარი XXI-ის“ დირექტორი და მეწილეა.

აკაკი სონგულია – 60 000 ლარი. „ალიანს ჯგუფის“, „ალიანს ფრივილეჯის“ მეწილე და დირექტორია. „ალიანს ჯგუფი” დეველოპერული კომპანიაა და აქვთ სხვადასხვა მსხვილი პროექტი ბათუმსა და თბილისში.

შემწირველები ბიზნესსაქმიანობის გარეშე

ამ საანგარიშო პერიოდში შემწირველთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც სამეწარმეო საქმიანობა არ უფიქსირდება. ასეთია, მაგალითად, ოქროპირ ჩხიკვაძე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა. სამეწარმეო რეესტრში მის სახელზე რომელიმე კომპანიაში რაიმე სახის მონაწილეობა არ ფიქსირდება.

ასევეა, დავით გიორგანაშვილი – მან „ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა, სამეწარმეო საქმიანობა არც მას უფიქსირდება, დიმიტრი გაჩეჩილაძე – 10 000 ლარი, სოფიო ლომთათიძე – 9 000 ლარი; იოსებ სიხაშვილი – 30 000 ლარი; ნანი გეწაძე – 50 000 ლარი; ია ღაღაიშვილი – 10 000 ლარი; კონსტანტინე გაბისონია – 40 000 ლარი; მაგდანა ფეიქრიშვილი – 50 000 ლარი.