მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი - ზალკალიანი

პუბლიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალზე, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ესწრებოდა, NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.

ზალკალიანის თქმით, გაძლიერებული არსებითი პაკეტი საქართველოსთვის ხელშესახები შედეგია.

„ჩვენ გვაქვს უკვე გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, მდგრადობას, კიდევ უფრო გვაახლოებს წევრობასთან და ზრდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის თავსებადობას NATO-ს სტანდარტებთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მინისტერიალზე მოიწონეს, იყო NATO 2030-ის სტრატეგია.

„ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია კიდევ ერთხელ ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი და საუბარია იმაზე, რომ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში გაწევრიანების დიალოგი უფრო მაღალ დონეზე, თვისობრივად ახალ დონეზე უნდა ავიდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მოკავშირეებმა საქართველოსგან ასევე მოისმინეს რეგიონში არსებული გეპოლიტიკური სიტუაციისა და გამოწვევების შესახებაც.

„ვიმსჯელებთ იმ ერთობლივ ქმედებებზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განეიტრალდეს ეს საფრთხეები, მინიმუმამდე დავიდეს და ქვეყანას მიეცეს სტაბილური განვითარების საშუალება“, – თქვა ზალკალიანმა.

მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან განხილულ საკითხებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც. მისი თქმით, მოკავშირეებმა საქართველოსა და უკრაინასთან შავი ზღვის უსაფრთხოების, რუსეთისა და სხვა გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

„მოკავშირეები გულწრფელად ესაუბრნენ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. ასევე დისკუსიები ფოკუსირებული იყო რუსეთზე, შეიარაღების კონტროლზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, NATO 2030-ის სამომავლო სტრატეგიაზე, ასევე NATO-სა და წყნარი ოკეანის პარტნიორებთან საერთო კავშირების და ღირებულებების განმტკიცებაზე“, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.