ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამჟამად საქმე არ გვაქვს მეხუთე ტალღასთან, არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი „მეოთხე ტალღის გარკვეული პროცესია, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა“.
„რაც შეეხება იმას, ტალღა არის აღმავალი თუ დაღმავალი, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპისთვის ტალღა არის დაღმავალი, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტის შემცირებას, რომელიც დღესდღეობით არის უკვე 1.03, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემდეგი დღეების განმავლობაში მოხდება აბსოლუტურ რიცხვებში ინფექციის კლება“, – განცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება რესურსებს, მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსი პანდემიის სამართავად, არსებობს ალტერნატიული გზებიც, მაგალითად, საველე ჰოსპიტლები, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლით ამის საჭიროება არ ჩანს.