მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყანას არ ექნებოდა 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა - ტიკარაძე

პუბლიკა

„მინისტრი რომ ანტივაქსერი იყოს, ქვეყნის მოსახლეობას არ ექნებოდა ხელმისაწვდომი 4 ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა. ძალიან გთხოვთ, დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტიპიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის მედიაში მოხსენიებულია როგორც ანტივაქსერი და ამაზე სურს კომენტარის გაკეთება.

„ძალიან გთხოვთ, ყველას დავასრულოთ განზრახ მიმართული ანტიპიარი ყველა წარმატებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ეს მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის განწყობაზე და დღეს, პანდემიის პირობებში ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ავყვეთ პროვოკაციებს და შესაბამისად, მოვახდინოთ მოსახლეობის დეზინფორმაცია“, – ამბობს ის.