გიორგი ამილახვარმა 2023 წლის 19 მაისს განაცხადა, რომ სამინისტრო „ინტენსიურად“ მუშაობს და არსებობს „პოლიტიკური ნებაც“, რომ დაინერგოს სკოლებში უფასო სასკოლო კვება, მაგრამ, მისივე თქმით, პროგრამის დანერგვას ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობის საკითხისა და ბიზნესოპერატორების ქსელის განვითარების გარეშე ვერ დაიწყებენ.
მოძრაობა „ხმა“ ორ წელზე მეტია, უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვს, თუმცა სამინისტროს ამ არგუმენტის საპასუხოდ ამბობენ, რომ მთავრობა ისევ სხვადასხვა საბაბს იმიზეზებს, რომ საყოველთაო უფასო კვების დაწყება გადადოს, ამ მიზეზებს შორისაა სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.
მოძრაობის თქმით, მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება ინფრასტრუქტურის განახლებამდე არ უნდა დაიწყოს, სასკოლო კვების არდაწყების საბაბია. მათი თქმით, შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება.
- სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს ადგილზე;
- სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით.
როგორ არის შესაძლებელი უფასო სასკოლო კვების 2024 წელს დაწყება, ვის უნდა შეეხოს და როგორ უნდა იქნას გამოყენებული უფასო სასკოლო კვება არა მხოლოდ მოსწავლეების შიმშილისგან დაცვისთვის, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – ამ საკითხებთან დაკავშირებით მოძრაობა „ხმამ“ წარმოადგინა ხედვა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.