მინისტრი სოცაგენტებზე: დატვირთვიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური

პუბლიკა

„ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოციალური აგენტების ხელფასზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„მათი ხელფასის განხილვა მიდიოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის ხელფასის. ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ.

აქედან ჯამურად შეუძლიათ კომპენსაციის ჩათვლით თითქმის ორჯერ მეტი ხელფასი აიღონ იმასთან შედარებით, რაც არის ფიქსირებული და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე ეს ხელფასი არის ადეკვატური“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.


„აღარ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს!“, „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს“, – ამ მოწოდებებით ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. დღეს, 17 იანვარს გაფიცვის პირველი დღეა. პროფკავშირის ცნობით, გაფიცულია 390-მდე თანამშრომელი.

16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ განაცხადა, რომ სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად  700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.