მინისტრი უფასო სასკოლო კვებაზე: ინფრასტრუქტურის საკითხი უახლოეს 2-3 წელში მოგვარდება

პუბლიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გიორგი ამილახვარმა უფასო სასკოლო კვების შესახებ თქვა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ პროგრამის დაწყებაც იქნება შესაძლებელი.

„გეტყვით, მე რას ვაკეთებ და ჩვენი მთავრობა რას აკეთებს საამისოდ. პირველი,  იმისთვის რომ ამ საკითხის განხორციელება დავიწყოთ, გვაქვს რიგი საკითხები მოსაგვარებელი – პირველი ეს არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი, ბუფეტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდეგ უკვე გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფიანსნებს.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და ამის განხორციელებაში ვართ ახლა, იცით ალბათ, ამხელა პროექტები გვაქვს. მეორე, როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ, და ეს უახლოეს 2-3 წელიწადში იქნება, შემდეგ უკვე გვექნება ეპატობრივად ამ პროექტის დაწყების შესაძლებლობა. მთავარი პრობლემა არ არის სოციალური და ფინანსური პრობლემა, რადგან რადგან სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებს ისედაც ვეხმარებით 200-ლარიანი პაკეტით“, – თქვა მან. 

მინისტრის თქმითვე, სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამაც, გამოიყო ჯგუფი, რომელიც აიდენტიფიცირებს სკოლებს, თუ სადაა შესაძლებელი პირველ ეტაპზე დაწყება და სად რა მდგომარეობაა.