მინისტრის განცხადებით, სამინისტრო წევრდება სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში

პუბლიკა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს უსმენენ.

მინისტრი გამოსვლისას სასკოლო კვების პროგრამის დანერგის საკითხსაც შეეხო და ის სამუშაოებიც ჩამოთვალა, რომლებიც სამინისტროში პროგრამის ასამოქმედებლად შეასრულეს.

თუმცა გიორგი ამილახვარს ისევ არ დაუკონკრეტებია, თუ რა ვადაში იქნება შესაძლებელი სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა. 

მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა – სასკოლო კვებასთან დაკავშირებით. პროგრამას აქვს თავისი კონკრეტული ბიუჯეტი და მისთვის გამოყოფილია შესაბამისი ადამიანური რესურსი. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია მუნიციპალურ დონეზე ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა.

მეორე საკითხი, რომელზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში გაწევრებაა. 

„სამინისტრო წევრდება სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით არის შექმნილი და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ერთიანდება, საიდანაც მოდის ის გაიდლაინები, პრაქტიკა, გამწვევები, ის საგზაო რუკა, თუ როგორ უნდა შევეჭიდოთ გამოწვევებს სისტემაში, რომელიც გვაქვს. ვინაიდან ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა და მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მინისტრმა.

30 სექტემბერს „პუბლიკასთან“ საუბრისას განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია იხსენებდა მინისტრთან შეხვედრას, რომელზეც მას სასკოლო კვების გლობალური კოალიციის მიზნები გააცნეს და კოალიციაში შესვლაზეც დაისვა შეკითხვები. ჭანტურიამ მაშინ „პუბლიკას“უთხრა, რომ სასკოლო კვების გლობალურ კოალიციაში შესული ქვეყნები სკოლებში უფასო კვების დანერგვის კუთხით ვალდებულებებსაც იღებენ, თუმცა როგორც მაშინ გიორგი ჭანტურიამ „პუბლიკას“ უთხრა „მინისტრს ინტერესი ამ კოალიციაში ქვეყნის გაერთიანებაზე არ გამოუხატავს.“

მესამე საკითხი, რომელზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე არსებული ბუფეტების პრობლემის მოგვარებაა. მინისტრი ამბობს, რომ სასკოლო კვების პროგრამის დანერგვისას პრობლემა არაა ფინანსებში, აქ არის საკვების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რადგან ბევრი სკოლაა, სადაც არაა ბუფეტი და არც სკოლის გარეთაა საკვები ობიექტი.

თუმცა, მისივე თქმით, არის სკოლები, სადაც ბუფეტი არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პრობლემა, იქნება ეს საკვების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები, სურსათის უვნებლობა თუ ჰიგიენის საკითხები.

მინისტრმა იმ ბრძანების შესახებაც ისაუბრა, რომლითაც „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა.

„ერთი კვირის წინ ავამოქმედეთ ბრძანება, დიდი ხანია, ჩვენ ამ დოკუმენტზე ვმუშაობთ, მათ შორის მშობელთა კავშირისა და სხვადასხვა ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით, მათი უკუკავშირის სრულად გათვალისწინებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობასა და ყველა უწყებასთან არის გავლილი და მათი რეკომენდაციებიც  გათვალისწინებულია.

ჩვენ ავამოქმედეთ ეს ბრძანება. ბუნებრივია, გარკვეული გონივრული ვადა დასჭირდება ამ ბრძანების სრულად ამოქმედებას, რათა დაცული იყოს ჰიგიენა… აკრძალულია ის პროდუქტები, რომელიც ჩამოთვლილია ამ ბრძანებაში, პროდუქტები, რომლებიც კატეგორიულად არასასურველია მოზარდისათვის.

გარდა სამინისტროს მხრიდან მონიტორინგისა, შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი – სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად გაუწევენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი ამობობს, რომ იქ, სადაც უკვე არის ბუფეტები სრულად მოწესრიგდება ჰიგიენური, სურსათის უვნებლობისთვის თუ ჯანმრთლობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები და ამისთვის კონკრეტული მონიტორინგის მექანიზმებიც ინერგება.