მინისტრის კომენტარი წყლის ჭავლის გათბობაზე ცინიკური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ქვეყანაში მიმდინარე აქციებს და კონტრაქციებს აფასებს.

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მიიღოს ეფექტიანი ზომები ძალადობის პრევენციისა და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

„კიდევ უფრო პრობლემური ამ ვითარებაში სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობის და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების საჯარო რიტორიკაა. შინაგან საქმეთა მინისტრი 3 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ დემონსტრანტები თავად უწევდნენ პროვოცირებას მმართველი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერებს. მინისტრი აგრეთვე გამოეხმაურა ნოემბრის თვეში პარლამენტთან მიმდინარე აქციისას პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების ფაქტს და სრულიად ცინიკური და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. მინისტრის მსგავსი რიტორიკა  ცალსახად არ ემსახურება შექმინლი კონფლიქტური ვითარების დეესკალაციას და პოლიციის პოლიტიზირების მაღალ რისკებს აჩენს, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში ამმბობენ, რომ ბოლო დღეების პროტესტი და თანმდევი მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, რომ ხელისუფლებას არ აქვს სოციალური და პოლიტიკური კრიზისების პოლიტიკური ფორმატით მოგვარების სტრატეგია და სამოქალაქო პროტესტზე რეაგირების მშვიდობიანი მეთოდი.