მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორის კონკურსში გამარჯვებულად ჩინურ კონსორციუმს გამოაცხადებენ

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის კონკურსში გამარჯვებულად რამდენიმე დღეში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება.

„კონკურსში მონაწილე იყო შვეიცარიულ ლუქსემბურგული კომპანია Terminal Investment Limited და ასევე ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი China Communication Construction Company Limited-ისა და China Harbor Investment-თან ერთად, რომლებსაც 2024 წლის 24 მაისამდე უნდა წარმოედგინათ საკუთარი ტექნიკური, კომერციული, ფინანსური წინადადებები აგრეთვე საკუთარი კომენტარები. ეს ვადა გავიდა და გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 20 მაისს ანაკლიის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და ჩინდაო პორტ ინთერნეიშენალი, ჩინ დაო პორტი მინდა, გითხრათ, რომ მსოფლიოში არის მეექვსე-მეშვიდე ადგილზე საპორტო ტვირთბრუნვით. ჩვენ უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამარჯვებულის გამოვლენა.

პირველადი შეფასებით, წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პირველი ფაზა მოიცავს ნავმისადგომის მშენებლობას, რომელიც 7 მლნ ტონა ტვირთს გაატარებს და 600 ათასი კონტეინერის ტერმინალის მშენებლობას. მისი საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია.

მთავრობის საკონტროლო პაკეტი პორტში 51% იქნება.