საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.
უწყების ცნობით, სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მხრიდან სომხურ მხარესთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციისთვის.
„საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს განახლებული ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების არსებული მდგომარეობისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც მთავრობები მიმართავენ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის.
დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით კიდევ ერთხელ შესთავაზა სომხურ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს დახმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე საჭიროებისამებრ გააგრძელებენ აქტიურად კომუნიკაციას, მათ შორის შესაბამისი დარგობრივი უწყებების აქტიური ჩართულობით, “- ამბობენ სამინისტროში.
გუშინ სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა.
„ეპიდემიური სიტუაცია გაუარესდა ქვეყანაში. არიან ინფიცირებული ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია არ შეგვიძლია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში Covid 19-ით ინფიცირების 11 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 516 განიკურნა, ხოლო 183 გარდაიცავალა.
გუშინ შეიქმნა საქართველოში პეტიცია მოთხოვნით – დაეხმაროს საქართველოს მთავრობა სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში.