მინისტრთან საუბარი იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ვიწყებ შიმშილობას - პედაგოგი

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ მისი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, დირექტორთა კონკურსის მონაწილემ, მაია ეკალაძემ შიმშილობა დაიწყო. ის კიდევ ერთ კონკურსანტთან, დავით ფერაძესთან ერთად აქციას განათლების სამინისტროსთან მართავს.

პედაგოგები დღეს განათლების მინისტრს შეხვდნენ, მაგრამ შეხვედრის შემდეგ პროტესტი გააგრძელეს, რადგან მათი თქმით, ვერ მიიღეს პასუხი „კონკრეტული დანაშაულის“ შესახებ, რომელიც დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს შეეხებოდა.

„დღეს დილის 10 საათიდან ვაპირებდი შიმშილობის დაწყებას, თუმცა რადგან მინისტრი შეგვხვდა, მე ვიფიქრე, რომ ეს იყო წინ გადმოდგმული ნაბიჯი. ეს ასე არ აღმოჩნდა. მე მაინც მივეცი დრო, რომ პასუხები 6 საათამდე, სამუშაო დროის დასრულებამდე მოეცათ და ახლა ვიწყებ შიმშილობის აქციას. გაგრძელდება მანამ, სანამ არ აღიარებენ ამ კონკურსის შეცდომას.

მინისტრთან შეხვედრა აღმოჩნდა შეხვედრა შეხვედრისთვის. არ ვიცი მე ამას რა დავარქვა. უტიფრად განაცხადა ის, რაც რეალურად არ ყოფილა. ჩვენ გვქონდა არგუმენტები და არ უპასუხეს არც ერთ არგუმენტს“, – უთხრა მაია ეკალაძემ „პუბლიკას“.

მაია ეკალაძე განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის კომენტარსაც გამოეხმაურა, რომ 2 ადამიანის პროტესტს მედია ისე აშუქებს, თითქოს სისტემური პრობლემა იყოს.

„თურმე, 2 ადამიანი აპროტესტებს ამას. არ აპროტესტებს 2 ადამიანი. პროტესტის სხვადასხვა ფორმა არსებობს და სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ სხვები.

ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ გვისმენენ, მაგრამ არ იგებენ. იცით, გახსნილი ვარო მე, ამბობს, მაგრამ რეალურად საქმისთვის არ არის გახსნილი. აბა, ხელის ჩამორთმევა გვინდოდაო, არ გვითქვამს ჩვენ“, – განაცხადა მაია ეკალაძემ „პუბლიკასთან“.


მაია ეკალაძე ივნისიდან აპროტესტებს დირექტორთა სერტიფიცირების შედეგებს.

მისი მოთხოვნებია:

  • დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნა;
  • მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება იანვრიდან და არა ივლისიდან.

ეკალაძეს მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებას ითხოვს.

მასთან ერთად სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალ ჩატარებას 26 კონკურსის მონაწილე ითხოვს. მათ ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები” იცავს.