შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ხუნდაძე, რომელიც მუზეუმში ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი იყო, კულტურის მინისტრის ბრალდებებს ეხმაურება. ხუნდაძე აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრი შეცდომაში შეიყვანეს და ისეთი ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, მინისტრთან პირადად შეხვედრა არ მოხერხდა, რადგან როგორც აცნობეს, მის მიერ მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფს გადაეგზავნა.
„1. ამერიკაში საქართველოს საელჩოში სურათები 1992 – 2005 წლებში პერიოდულად იგზავნებოდა გალერეიდან და არა ხელოვნების მუზეუმიდან, მაშინ როცა ეროვნული მუზეუმი ჯერ საერთოდ არ არსებობდა, მე კი ამ დროს თსუს მეცნიერ-თანამშრომელი ვიყავი;
2. ასევე, კულტურის სამინისტროში სურათების გატანისას (რისი უწყვეტი ტრადიციაც არსებობდა საქართველოში 1950-იანი წლებიდან და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს დიდი მუზეუმებიც გასცემენ ექსპონატებს სახელმწიფო დაწესებულებებში), 2010 წელს, ფერწერის ფონდის მცველი არ ვიყავი;
3. მინისტრის მიერ ნახსენები ელენე ახვლედიანის სურათი 2000 წელს სამუდამოდ გადაეცა ზუგდიდის მუზეუმს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მუზეუმში ინახება და ა.შ. აღარ გავაგრძელებ….
ინტერვიუს ეთერში გასვლის მეორე დღეს მინისტრს მივმართე ოფიციალური წერილით, რომელშიც შეხვედრისათვის მზადყოფნას გამოვთქვამდი, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მიმეწოდებინა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და ასევე იმ დანაკლისთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 2009-2012 წლებში, ხელოვნების მუზეუმის არსებობის განმავლობაში პირველად ჩატარებული შეჯერებისას დადგინდა.ანუ, 2015 წელს, როცა მე ამ ფონდის მცველად დავინიშნე, ეს დანაკლისი უკვე არსებობდა“, – “, – წერს ნინო ხუნდაძე პირად Facebook-გვერდზე.
ნინო ხუნდაძე აღნიშნავს, რომ მისი მუშაობის წლებში ხელოვნების მუზეუმიდან არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული გალერეის ფონდებს დროებით გაცემული და ეროვნული მუზეუმის შექმნამდე გალერეაში უმძიმესი პირობების გამო წლების განმავლობაში არდაბრუნებული 552 ექსპონატი დაუბრუნდა, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი – 5.
„ჩემთვის მუზეუმი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, მისი დაცვა უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც კი ცხოვრებამ დამაკისრა. სამუზეუმო საქმე, თავისი სირთულის მიუხედავად, ყველაზე დიდ ბედნიერებას მგვრიდა. თავს დისკრედიტებულად არ მივიჩნევ, რადგან ვიცი, რომ მართალი ვარ“, – აცხადებს ნინო ხუნდაძე.
22 იანვარს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, დაკარგული ექსპონატების შესახებ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა. მინისტრმა ინტერვიუში ყურადღება ნინო ხუნდაძეზე გაამახვილა:
„ეს იმდენად დიდი „პროფესიონალია“, რომ მის ფონდში სრულყოფილი ინვენტარიზაცია არასოდეს ჩაუტარებია. მის ფონდში ეს სრულყოფილი ინვენტარიზაცია ჩემივე დავალებით, ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებულმა მუზეუმის ახალმა დირექტორმა, ბატონმა ნიკა ახალბედაშვილმა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ნინო ხუნდაძის, ამ „დიდი“, აწ უკვე ჩვენი ყოფილი „პროფესიონალი“ თანამშრომლის ფონდში დაკარგულია 21 ექსპონატი, მათ შორის გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის და თოიძის ნახატები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, დაიკარგა თუ არა ეს ექსპონატები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ან 90-იან წლებში, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როდესაც ნინო ხუნდაძე ხელოვნების მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მივიდა და ფონდი ჩაიბარა, მას სულ მცირე ის ევალებოდა, რომ იქ ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა და მოეძიებინა, რაც დაკარგული იყო.
„მეტიც, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომლის ხელმძღვანელობისას ბატონი რურუას კაბინეტის მოსართავად ამ ფონდიდან გათხოვებული ჰქონდა და ფონდიდან გატანილი იყო ფერწერული ტილოები. „ქართული ოცნების“ კულტურის სხვადასხვა მინისტრის, მიშა ბატიაშვილის, თუ სხვების დროს ამ ტილოების დაბრუნება დაიწყო და ჩემ დროს დასრულდა. ასევე, ეს ის ნინო ხუნდაძეა, რომელსაც ევალებოდა, გამოეთხოვა თავისი ფონდიდან უვადოდ, თუ ვადიანად და ვადადარღვეულად გატანილი ექსპონატები, მაგრამ ის იჯდა და არაფერს აკეთებდა, როგორც დიდი „პროფესიონალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ნინო ხუნდაძის ფონდთან დაკავშირებით ერთი გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
„სწორედ ქალბატონი ნინოს ფონდიდან არის გატანილი „ნაციონალების“ დროს ფერწერული ნამუშევრები ჩვენს საელჩოში, ამერიკაში, სადაც ისინი დაკარგულად ითვლება და სწორედ ამ საქმეზე მიმდინარეობს უკვე რამდენიმე წელია გამოძიება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.