მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მონაწილეები ამბობენ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გაგრძელდება

პუბლიკა

კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას ესწრებოდა ოცდაათამდე კინოინდუსტრიის წარმომადგენელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას განხილულ საკითხებზე ისაუბრეს რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ, მსახიობმა გიორგი გურგულიამ და რეჟისორმა გიორგი კაჭარავამ.

მათი თქმით, შეხვედრისას მინისტრმა თქვა, რომ ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციის შეჩერების მოთხოვნა არ შესრულდება, რეორგანიზაცია გაგრძელდება და შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება კინოს სფეროს წარმომადგენლებით. სწორედ ამ სამუშაო ჯგუფების მუშაობის შემდეგ გადაწყდება კინოსექტორში გასატარებელი რეფორმები და ჩამოყალიბდება რეფორმის ხედვა.

შეხვედრა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს სხვა მონაწილეებმა, მაგალითად: თემურ ბაბლუანმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ.

შეხვედრის პარალელურად დღეს კულტურის სამინისტროსთან კინემატოგრაფისტები შეკრიბნენ და აქცია გამართეს.

კინემატოგრაფისტებმა, რომლებიც მეორე კვირაა, კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ, აქციზე სპეციალური განცხადებაც წაიკითხეს.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, მათი ორი კონკრეტული მოთხოვნის ადრესატად თავი მოინიშნა კულტურის სამინისტრომ. ეს მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი;
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის საჩვენებლად, რომ პროტესტის პარალელურად ისინი მზად არიან კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, გუშინ, 22 ივნისს ოფიციალური წერილი შეიტანეს კულტურის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. შეხვედრის მიზანი მხოლოდ მათი კონკრეტული მოთხოვნების განხილვა უნდა იყოს.