თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „მიონის“ შენობის მოზაიკაზე ფრანგული აივნები გაჭრეს – ინფორმაციას ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ „რიბირაბოს“ თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი ავრცელებს.
ფანჯრების ღიობებისა და ფრანგული აივნების მოწყობის შესაძლებლობა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა 2021 წლის 13 დეკემბერს. შენობის მფლობელი ამჟამად შპს „მონა ლიზაა“.
არქიტექტურის სამსახურში შეტანილ განაცხადს დართული ჰქონდა მოზაიკის ფოტოები და კორექტირებული ფოტომონტაჟი. პროექტის მიხედვით, ფანჯრების კარკასი ალუმინის იქნება, აივანი – შუშის.
„რიბირაბოს“ თანადამფუძნებელი ნათია ამირეჯიბი საჯარო პოსტში აღნიშნავს, რომ „მიონის“ მოზაიკა 2021 წელს თბილისის მერიის მიერ დაბეჭდილ ბროშურაში – „თბილისის ღირსშესანიშნაობებში“ იყო ნახსენები. მისივე თქმით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, „შეგვიძლია, ვისაუბროთ არა მხოლოდ მოზაიკური პანოს დაზიანებაზე, არამედ ხელოვნების ნაწარმოების სრულ განადგურებაზე“.
„მერიის თანამშრომლებს, თეორიულად, უნდა სცოდნოდათ ის ფაქტი, რომ თუმცა მიონის მოზაიკას „დე იურე” არ ჰქონოდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, „დე ფაქტო“ ის ფიგურირებდა როგორც „ღირშესანიშნაობა“ მათი უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში“, – აღნიშნავს ამირეჯიბი.