„ქართული ოცნების“დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირი და უხეში ჩარევაა. ბორელმა თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და არჩევნებზე ხალხს მოუწევს გადაწყვიტოს, ევროპისკენ სურს სვლა თუ მისგან შორს.
„სამწუხაროა, რომ არჩევნებამდე 10 დღეც არ დარჩა და მსგავსი განცხადებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისა და წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირი და უხეში ჩარევის მცდელობად კი არა, პირდაპირ უხეშ ჩარევად. იმიტომ, რომ რეალურად რადიკალური ფრთის ოპოზიციის წარმომადგენლებს რაღაცა კონტექსტში, მცირე ნაწილში, რაც მათ მხარდაჭერა აქვთ, სწორედ მსგავსი განცხადებები ასულდგმულებთ“, – ამბობს გივი მიქანაძე.
მან გაიმეორა „ოცნების“ მტკიცება, რომ არჩევნების შემდეგ და ასევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები დასავლეთთან გადაიტვირთება.